ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონკურსების კომისიის სხდომა გაიმართა
9 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრის, რევაზ სოხაძის მონაწილეობით, არქიტექტურული კონცეფციების შესაფასებლად საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში კომისიამ განიხილა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში საფეხბურთო სტადიონებისა და პარკების არქიტექტურული კონცეფციების შესაქმნელად წარმოდგენილი ნამუშევრები.
კერძოდ, კომისიამ შეაფასა სენაკის და საჩხერის საფეხბურთო სტადიონების და ქუთაისის ცენტრალური პარკის არქიტექტურული წინადადებების შესაბამისობა თანამედროვე ურბანული და არქიტექტურული სტანდარტების, სივრცის ფუნქციური გამოყენების და ესთეტიკური გადაწყვეტის კრიტერიუმებთან.
სენაკში უეფას მე-2 კატეგორიის სტადიონის არქიტექტურული კონცეფცია სამი პრეტენდენტის მიერ იყო წარმოდგენილი, საიდანაც კომისიამ ორი წინადადება განიხილა. საჩხერის შემთხვევაში, სადაც იგეგმება არსებული სტადიონის რეკონსტრუქცია უეფას მე-2 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად, განხილული იყო ორი პროექტი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუთაისის ცენტრალური პარკის განვითარების კონცეფციას, სადაც 80 ჰექტრამდე ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება. პროექტის მიზანია ქალაქში თანამედროვე საჯარო სივრცის ფორმირება, რომელიც გახდება დასვენებისა და გართობის ცენტრი, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეკონომიკურ აქტივობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება სპორტის სასახლის მშენებლობა და ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობა, ახლოს მდებარეობს ოლიმპიური საცურაო აუზი და ფეხბურთის აკადემია, რაც ამ ზონას ახალგაზრდული და სპორტული ჰაბის ფუნქციას მიანიჭებს.
საკონკურსო წინადადებების შეფასებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, არქიტექტორები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
სამინისტროს მიზანია კონკურსების საშუალებით წახალისდეს არქიტექტორთა პროფესიული ჩართულობა და შეიქმნას მაღალი ხარისხის, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს პროფესიული საზოგადოების ჩართულობას და კონკურენტული გარემოს შექმნას.